საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა.
შეხვედრა ბათუმის სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ამ წუთებში კი, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომა დაიწყო.
სხდომა საქართველოში პირველად ტარდება. მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომაზე აქცენტები ათასწლეულის გამოწვევების ფონდის პროექტებზეც გაკეთდება. ქართულ-ამერიკული ჯგუფები კონკრეტულ წინადადებებზე იმსჯელებენ.
პლენარული სხდომის შემდეგ ჰილარი კლინტონი სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდება. შემდეგ კი, ბათუმის პორტში აშშ-ს მიერ ქართული მხარისთვის ორი კატარღის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
დღის მეორე ნახევარში, კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოფიციალური სადილია დაგეგმილი.
საღამოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმის პიაცაზე ქართველი ვარსკვლავების კონცერტს დაესწრება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

















