ბათუმში მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი დღეს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ჰილარი კლინტონი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან გამართავს ბათუმის „რედისონში“.
ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ნიკა გილაური და ჰილარი კლინტონი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან.
პარალელურად უწყებათშორისი ჯგუფების შეხვედრები გაიმართება.
შეხვედრებზე შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, დემოკრატიული რეფორმებისა და მოახლოებული არჩევნების საკითხები განიხილება.
11:00 საათზე კი, სახელმწიფო მდივანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის არიან კოალიცია „ქართული ოცნების“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოში განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში, კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოფიციალური სადილია დაგეგმილი.
საღამოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმის პიაცაზე ქართველი ვარსკვლავების კონცერტს დაესწრება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ის სომხეთში უკვე იმყოფებოდა, ბათუმიდან კი, აზერბაიჯანში გაემგზავრება.

















