პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრაში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი,
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი თეა წულუკიანი მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა და მან დააზუსტა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და კლინტონის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუმარტა, კოალიციაში შეხვედრაზე მოსაწვევი პარტიების სახელზე მიიღეს და გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არცერთ პარტიას არ წარმოადგენს, შეხვედრას არ დაესწრება.
მისივე თქმით, კოალიცია წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება, შესაბამისად, მათი მთავარი გზავნილი ჰილარი კლინტონისადმი სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივებს უკავშირდება.
ხიდაშელის განმარტებით, მთავარია არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს და სააკაშვილის გარდაუვალი მარცხის პირობებში ქვეყანას საფრთხე არ დაემუქროს.
მისივე თქმით, კოალიციის მთავარ სათქმელს მათი წარმომადგენლები ჰილარი კლინტონამდე სრულყოფილად მიიტანენ.

















