ფრაქცია "ერთობა სამართლიანოსთვის" წევრებმა საპარლამენტო უმცირესობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები პარლამენტის კანცელარიაში ვერ აღმოაჩინეს.
ისინი კანცელარიაში დეპუტატ რატი მაისურაძის განცხადებას ფრაქცია "ძლიერი საქართველოში" შესვლის შესახებ ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა ფრაქციამ დღეს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა იმ დოკუმენტების გამოსათხოვად, რომელიც 13 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განცხადების პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობას დაადასტურებდა.
ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ გია თორთლაძის განცხადება საორგანზიაციო დეპარტამენტისადმი იმის შესახებ, რომ მას რატი მაისურაძემ ფრაქციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართა.
რატი მაისურაძემ "ქრისტიან–დემოკრატები"10 თებერვალს დატოვა და განაცხადა, რომ "ძლიერ საქართველოში" გაწევრიანდა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. სწორედ ამ წერილობით განცხადებას ეძებდა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის", რომელიც ვერ იპოვა.
იმ შემთხვევაში, თუ რატი მაისურაძის ოფიციალური წერილი არ აღმოჩნდება, გია თორთლაძის ფრაქცია დაშლილი იქნება და უმცირესობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

















