აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა.
როგორც „ნიუსრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, შეხვედრაზე კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლებმა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, განხილული იქნა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო საკითხებიც.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტული მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას არჩევნების დღეს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა სატელევიზიო არხიდან განსხვავებული ინფორმაციის მიღება შეეძლოს“ - განაცხადა გიგაურმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია სპეციალური, ეფექტური მექანიზმების შექმნა, იმისთვის რომ მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსები ბოროტად არ გამოიყენოს.
„ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ვინც როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნებს დააკვირდება“ - განმარტა გიგაურმა.
მისივე განცხადებით, ერიკ რუბინმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.
„მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მან თქვა, რომ პლურალისტული და თავისუფალი მედიის გარეშე სამართლიანი არჩვნები ნამდვილად ვერ ჩატარდება“ - აღნიშნა გიგაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრიდან მიღებულ ინფორმაციას ერიკ რუბინი ჰილარი კლინტონს მიაწვდის, რომელსაც კლინტონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს დააყენებს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები იყვნენ.

















