შუა აზიიდან ჩამოყვანილი მცირეწლოვანი გოგონების ტრეფიკინგი და პროსტუტუციაში მათი ჩართვა, დღეისთვის აჭარაში ნომერ პირველ პრობლემად ჩამოყალიბდა,
რაც სისხლის სამართლის დანაშაულია - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად გადაიქცა, სადაც თურქი ეროვნების პირებს შუა აზიიდან შემოჰყავთ 16 წლამდე ბავშვები და მათ სამარცხვინო ბიზნესში იყენებენ“ – განაცხადა დეპუტატმა.
ბაღათურიას თქმით, მას ამ ფაქტების დამადასტურებელი შესაბამისი მასალა აქვს და უახლოეს დღეებში მის წარმოდგენას აპირებს.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ეს პროცესი უკვე მასიური გახდა და შეუძლებელია ის შსს-ს და ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშეწყობის გარეშე მიმდინარეობდეს.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს.
ბაღათურიას ინფორმაციით, ტრეფიკინგის მსხვერპლმა ერთ-ერთმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა, ფაქტის დასამალად მისი გვამი უკვალოდ გააქრეს.
დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც ბაღათურიას მოუწოდა მას გადასცეს არსებული მასალა და ტრეფიკინგის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბაქრაძე მას რეაგირებისათვის შსს-ს მიაწვდის.
ამასთან, სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რის შედეგადაც საერთაშორისო კვლევების, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა.

















