პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზვიად ძიძიგურმა ნავაროს თეთრიწყაროს რაიონში შექმნილი პრობლემები გააცნო.
როგორც ძიძიგურმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, თეთრიწყაროში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტს ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, კოალიცია არ აპირებს მსგავსი ფაქტები ყურადღებისა და რეაგირების გარეშე დატოვოს.
„სწორედ ამ მიზნით შევხვდი ნავაროს. რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა მქონდა IRI-ის დირექტორ ანდრიას კერბსთანაც. ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველაზე უმნიშვნელო პოლიტიკურ დარღვევაზეც რეაგირება მოვახდინოთ“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც საქართველოში არსებობს უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების დაცვა მოხდეს.
გორში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი 3 ივნისს, გამთენიისას გატეხეს.
კოალიციის ინფორმაციით, წაღებულია 2 კომპიუტერი, ინტერნეტის მოდემი და სხვადსხვა დოკუმენტები. „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ შიოშვილი ოფისის გატეხვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

















