კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე „მშვიდობის ხიდთან“ დაკავშირებით კოალიციის მიერ სოციალურ
ქსელ „ფეისბუქზე“ გამოცხადებულ კონკურსზე ისაუბრა.
„ფეისბუქზე“ გამოცხადებულია კონკურსი ხიდის უკეთესი პროექტისთვის, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება, რომელიც უპრიანი იქნება ამ ადგილზე ასაშენებლად“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ხიდის დანგრევაზე ან მის სხვა ადგილზე გადატანაზე, კონკურსის ფარგლებში მოქალაქეების მიმართ ხიდთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების თხოვნაა ჩადებული.
„შენების წინააღმდეგი არავინ არის. საქმე ეხება იმას, რომ შენება გონივრული, საჭირო და გამართლებული უნდა იყოს იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება მილიონები იხარჯებოდეს გაურკვეველი ფუნქციის ხიდებში, მაშინ, როცა ხიდიდან 500მ-ში ხალხი წყალდიდობის დროს იხოცება, იმიტომ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება.
„როდესაც ქალაქში ასეთი პრობლემები გაქვს, მაშინ არ შეიძლება ძალიან დიდ ფულს ხარჯავდე უაზრო პროექტებში“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

















