პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კოალიციის წევრის სპორტსმენ ამბაკო ავალიანის გატაცების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
როგორც დღეს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, თბილისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან, „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე გაიტაცეს.
„ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი, სთხოვდა შეხვედრას და არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. ბოლოს ავალიანი შეხვედრაზე დათანხმდა და მას სწორედ აღნიშნულ ეკლესიასთან შეხვდა“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილზე 2 ჯიპით და 3 მსუბუქი მანქანით, დაახლოებით 20 თანმხლებთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ფანჯიკიძის განცხადებით, მას შემდეგ, ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა და შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
„სასწრაფო რეაგირების მიზნით, „ქართული ოცნება“ უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ, ავალიანი ძალიან მალე დააბრუნეს“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ, ავალიანმა არ ისურვა საუბარი თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე.
პრესსპიკერის განცხადებით, ავალიანის გატაცება აბსოლუტურად უმიზეზოდ მოხდა და ამდენად, კოალიცია ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

















