კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ამის
შესახებ დღეს ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციამ გადაწყვიტა აქცია 10 მაისს, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანის 100 საფეხურიან კიბეებთან გამართოს და ამის თაობაზე მერიას შეტყობინება გაუგზავნა კიდეც.
მან დააზუსტა, რომ მერიისადმი მიმართვა შეტყობინებაა და არა ნებართვის თხოვნა, რადგან კოალიციას შეკრების ნებართვა უკვე მიღებული აქვს.
რამდენიმე წერილისა და პასუხის შემდეგ, ქუთასის მერიამ კოალიციას შეატყობინა, რომ ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები 10-15 ივნისს გადადებული იყო და შესთავაზა, სწორედ ამ დღეებში ჩაეტარებინა აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიამ უკან დაიხია, არ ვაპირებთ ამით სარგებლობას და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დავით აღმაშნებლის ძეგლთან აქციის გამართვის შესახებ ძალაში დავტოვეთ. ამასთანავე, აღნიშნულ ადგილას კოალიციას უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ქართულ ოცნებას“ აქციის ჩატარება თავიდან 7 ივნისს ჰქონდა გადაწყვეტილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა, დაგეგმილი კონცერტის მოტივით მერიისგან უარი მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილებით, კოალიცია აქციას 10 ივნისს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.

















