პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი, რომელიც გუშინ გვიან ღამით გაიტაცეს, უკვე შემთხვევის
ადგილზე დაბრუნდა.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავალიანი 3 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, თბილისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
განცხადების თანახმად, ავალიანს თან სპორტსმენი ზურა ბენდელიანი და ნათესავი ირაკლი გულბანი ახლდნენ.
„თვითმხილველთა ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და შეხვედრას სთხოვდა, ასევე, მისგან მოითხოვდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორებოდა. ბოლოს, ამბაკო ავალიანი შეხვედრაზე დათანხმდა და მანქანით ზემოხსენებულ ეკლესიასთან გაჩერდა, სადაც სინჯიკაშვილი უნდა მისულიყო. სინჯიკაშვილი, შეხვედრის ადგილზე, ორი ჯიპით და სამი მსუბუქი მანქანით, დაახლოებით ოც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათ ავალიანი ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
განცხადების თანახმად, სასწრაფო რეაგირების მიზნით, "ქართული ოცნება" 22.40 საათზე უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას დაუკავშირდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამბაკო ავალიანი რამდენიმე საათის წინ შემთხვევის ადგილას დაბრუნდა და მასთან ამჟამად ადვოკატი იმყოფება.

















