საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ავლაბრის რეზიდენციაში ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვდა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ქვეყნის წინსვლაში თანამედროვე ტექნილოგიების როლზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებაში ამერიკის მთავრობასთან ერთად რამდენიმე 100-ული მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება.
„იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში ამ უნივერსიტეტმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტები მოამზადოს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტთან ბათუმის უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების მოწვევის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„გრძელვადიანად საქართველოსთვის ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია. მომავალი ეკუთვნის ტექნოლოგიებს. ყველა ახალგაზრდას ამას ვეუბნები, მათ შორის ჩემს შვილს, თუმცა, თქმაც არ სჭირდება, თვითონ სწავლობს. მგონი, ჩემზე უფრო ჭკვიანია, მაგრამ სხვა რაღაცეებში ჯერ ჩამომრჩება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან სტუდენტებთან შეხვედრაზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო კონტაქტისა და გაცვლითი პროგრამების არსებობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

















