საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას ხვალ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, კვლევამ საქართველოში მცხოვრები მიგრანტი მოსახლეობის განსხვავებული ჯგუფები მოიცვა - იძულებით გადაადგილებული მიგრანტები, დაბრუნებული მიგრანტები, უცხოელი მიგრანტი სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებლები, ტრეფიკინგით დაზარალებული პირები და უცხოელი მიგრანტი პატიმრები.
კვლევის ფარგლებში შესწავლილია ამ ჯგუფებს შორის არაგადამდებ დაავადებათა გავრცელება და მათი გამომწვევი რისკ ფაქტორები, ასევე მიგრანტთა ფსიქოსოციალური საჭიროებები და მათი ცოდნა, დამოკიდებულება და ქცევა არაგადამდებ დაავადებებთან მიმართებაში.
კვლევა განახორციელა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სათავო ოფისის მიგრაციის და ჯანმრთელობის განყოფილების კვლევებისა და ეპიდემიოლოგიის საკითხთა კოორდინატორი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















