საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
სპიკერმა მათ მთავრობის სამოქმედო პროგრამა და უახლოესი 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
მოგვიანებით, ბაქრაძემ გორის წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე სიმინდის საშრობის მშენებლობა დაათვალიერა. საშრობის მონტაჟი დღეს დაიწყო. ობიექტი ექსპლოატაციაში ივნისის ბოლოს შევა.
„გორის წისქვილკომბინატში სიმინდის საშრობის ახალი საამქრო რამდენიმე კვირაში იქნება მზად, რაც ადგილობრივი გლეხებისთვის დიდი შეღავათი იქნება. ჩვენს ფერმერებს ერთი ძალიან დიდი პრობლემა მოეხსნებათ, რომელიც მოყვანილი მოსავლის ნორმალურ პირობებში შენახვას და რეალიზებას უკავშირდება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი საშრობები საქართველოს ყველა რეგიონში გაკეთდება.

















