საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო.
როგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ 30 მაისს დაარსდა.
„დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“- ის შექმნის შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთეს და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგთან“ ასოცირება მოახდინეს, რომელიც ამავდროულად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან“ კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და საქმიანობა ამომრჩევლებზე, მათი მატერიალური დაინტერესების გზით ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს.
„ქართული ფეხბურთის ქომაგის“ ანგარიშებზე სხვადასხვა წყაროებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებულია გადარიცხვები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციებთან წინააღმდეგობაში მოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ საბანკო ანგარიშებს კანონის საფუძველზე ყადაღა დაადო“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე ვრცელდება, რომლის მიზანი ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისთვის, მათ შორის, მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე თავის არიდებაა.

















