საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ერთობლივი განცხადება მიიღეს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქართველები და პოლონელები საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობისა და მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ერთნაირად იბრძოდა.
განცხადების თანახმად, მძიმე წარსულის მიუხედავად, ორივე ქვეყანამ ევროპული მომავალისკენ საკუთარი მიმართულება მყარად შეინარჩუნა.
„საქართველოსა და პოლონეთის პოზიცია ორმხრივი პატივისცემის, ფუნდამენტური პრინციპების, საერთაშორისო სამართლის და უპირველეს ყოვლისა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესახებ ურყევია“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პრონციპებს იზიარებს, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
„საქართველო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის, როგორც ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორის მონაწილეობას მიესალმება. საქართველოსა და პოლონეთს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში საერთო ღირებულებები გააჩნია. ჩვენს ქვეყნებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებისკენ ისტორიული მისწრაფება აქვს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, პოლონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერას განაგრძობს.

















