მიიღებს თუ არა კოალიცია ,,ქართულ ოცნება“ ქუთასის მერიის ალტერნატიულ შეთავაზებას აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, კოალიცია ამ საკითხზე მოგვიანებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
ქუთაისის მერიამ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, 7 ივნისს აქციის გამართვა აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანის 100 საფეხურიან კიბეებთან შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ გააკეთა.
კოალიციამ ქუთაისის მერიაში 7 ივნისს აქციის გამართვასთან დაკავშირებით მიმართვა 28 მაისს შეიტანა. მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სწორედ 7 ივნისს ცენტრალურ მოედანზე „ჯეოსტარელების“ მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი იგეგმება. კოალიციამ ადგილობრივ თვითმმართველობას მეორე წერილით მიმართა, რომლითაც 7 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქციის ჩატარებას კონცერტის შემდეგ ითხოვდნენ. თუმცა, მერიამ მათ ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ 7 ივნისს ქუთაისში მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩავა და ქუთაისელებს წინაასრჩევნო პროგრამას გააცნობს.

















