ადმინისტრაციული ორგანოებისა და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების, ასევე, საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან თანამშრომელთა პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, ადმინისტრაციულ ორგანოებს დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.
კომისია მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათზე დაქვემდებარებულ უწყებათა ხელმძღვანელობას, ასევე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს, რომ საარჩევო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.
კომისიაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა.
საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კომისიის წევრთა შეხვედრებზე, სამოქალაქო სექტორის მხრიდან მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, სხვა საკითხებთან ერთად საჯარო სექტორიდან თანამშრომლების გათავისუფლების პრობლემა გამოიკვეთა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის პოზიცია არის მკაფიო - დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური პოზიციის გამო. შემთხვევა, სადაც მსგავსი ნიშნები იკვეთება, შესწავლის საგანი უნდა გახდეს“- აცხადებენ კომისიაში.
მათივე განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებაში ოპტიმიზაციისა და შემცირებების ლეგიტიმური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს და ხშირად რთული იყოს უტყუარი ფაქტის დადგენა ამა თუ იმ პირის გათავისუფლების რეალური მოტივის შესახებ.

















