საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, თურქეთში გაერო-ს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პროცესები, რომლებსაც ჩვენს რეგიონში აქვს ადგილი, ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბებაა.
„ახალ ბალანსს დღეს ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები გვკარნახობს, რომლებიც ხან დიდი ქვეყნებიდან მოდის, ხან კი - მცირე. ასევე, ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში, თურქეთი, როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფო, ლიდერის სტატუსს იძენს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ძალიან დიდი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ლიდერი სახელმწიფოების რეაქციები სრულიად განსხვავებული იყო - იყო ნერვოზული და ისტერიული რეაქციები და ყოფილი იმპერიები დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობდენ “ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მხარს უჭერდა და ფეხზე დადგომაში ეხმარებოდა საქართველოს და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობდა.
მისი თქმით, 11 სექტემბრის ტერაქტმა მსოფლიოს დაანახა, რომ საჭირო იყო ცივილიზაციათა მშვიდობიან თანაარსებობაზე ზრუნვა.
„ისეთ ქალაქში გავიზარდე, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტობა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო არის ლაბორატორია და მოდელია იმისა, რომ თვითმყოფადობის შენარჩუნებით მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.
„ვამაყობ ჩვენი ახალი კანონით, რომელიც საქართველოში ყველა რელიგიას თანაბარ პირობებში აყენებს. ამაზე თვით რომის პაპმაც ისაუბრა და მან ამ რთულ პერიოდში საქართველოს იმედის ნაპერწკალი უწოდა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, რომ ის მზადაა კულტურათა შორის აშენოს ხიდები, იბრძოლოს ყოველგვარი ჯვაროსნული ლაშქრობის წინააღმდეგ, რადგან მას ეს თავის ვალდებულებად მიაჩნია.

















