„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ მიერ ტელეკომპანია „რეალ ტვ“-სთან გამართულ აქციას ხმაური მოჰყვა.
შელაპარაკება ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ სოფო ხუციშვილსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ჩხარტიშვილს შორის დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიასთან გამართულ აქციაზე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გამოვიდა, ლაშა ჩხარტიშვილმა „რეალ ტვ“-ს მკვლელის ტელევიზია უწოდა. სოფო ხუციშვილმა კი, მას უპასუხა, რომ თავად ლაშა ჩხარტიშვილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მათ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი აკავშირებთ.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ ტელეკომპანიის შენობასთან „რეალ ტვ“-ს ეთერში გასული ფილმის შინაარს აპროტესტებდა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია „დექსუსმა“ მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილა და რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებულად მიმდინარეობს.
როგორც „რეალ ტვ“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო დაფინანსებული გადაცემა, კომერციული დრო, რომელიც კომპანია „დექსუსმა“ „რეალ ტვ“-ის ეთერში შეიძინა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია ობიექტურად აშუქებს ყველა სახის პრობლემას, მათ შორის „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ პრობლემებზეც ეთერში არაერთი გადაცემა გასულა.
ტელეკომპანიის საინფორმაცი სამსახურის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერის დათმობას დაჰპირდა, რაც მისივე თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისა შეთანხმების საფუძველზე აუცილებლად შედგება.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ აქცია თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ტელეკომპანია „რეალ ტვ“-სთან გადაინაცვლეს. აქცია უკვე დასრულებულია.

















