„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ აქციას, რომელიც იუსიტიციის სამინისტროსთან გაიმართა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი
დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდა.
მისი თქმით, აქციის მოწყობა გამოსავალი არ არის, თუმცა, დაზარალებულებს სხვა გზა არ დაუტოვეს.
ლორთქიფანიძის განმარტებით, სამთავრობო საათზე არ მივიდა იუსტიციის მინისტრი და არც მისი რომელიმე მოადგილე, რომლის წინაშეც ნათლად იყო ჩამოყალიბებული შეკითხვა - რატომ არ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომლებმა, ფაქტობრივად, ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, რაც ფულის გამოძალვასა და მითვისებას გულისხმობს.
„ძალიან რთულია წარმოიდგინო თავი იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც სიმწრით ნაშოვნი 30 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი და სახელმწიფო არ ზრუნავს მისი კანონიერი უფლებების დასაკმაყოფილებლად. „ცენტრ-პოინტი“, რომელიც მოქმედებდა თავისი 69 შვილობილი კომპანიით და „დექსუსი“ უკანონოდ ეუბნებიან ამ ადამიანებს უარს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ასევე უარს ეუბნება მათ საჯარო რეესტრი“-აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებსაც მოიცავს.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ეს საკითხი ასე არ დარჩება და არჩვენებამდე აქცია ყოველთვიურად გაიმართება.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მალე დადგება იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ დაზარალებულთა მოთხოვნას, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მიმართაც.
აქციაზე დაზარალებულებმა იმ საჩივრებზე რეაგირება მოითხოვეს, რომლითაც „ცენტრ პოინტისა“ და „დექსუსის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

















