სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ხაბარელი ივანიშვილს ვაჟიშვილთან ერთად ესტუმრა და „ქართული ოცნების“ ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა.
შოთა ხაბარელის განცხადებით, დღეიდან ის „ქართულ ოცნებას“ უერთდება და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგომა მას ქვეყნის სიყვარულმა და საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი ერთ დღეს გმირად წარმოაჩინონ, მეორე დღეს კი, განსხვავებული აზრის გამო, მოღალატედ შერაცხონ.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა შოთა ხაბარელთან შეხვედრის გამო კმაყოფილება გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ის სპორტსმენის გაცნობაზე ყოველთვის ოცნებობდა და დღეს ეს სურვილი აუხდა.
ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და მათი აზრები ერთმანეთს დაემთხვა.
„აბსოლუტურად ერთანირი ხედვები გვაქვს და დღევანდელ სიტუაციას ერთნაირად ვუყურებთ“-განაცხადა მან.
შოთა ხაბარელი ძიუდოში ევროპის და XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. იგი 2006 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.
დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

















