პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანი, თეიმურაზ მურვანიძე გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტელევიზიით აქტიურად მიმდინარეობს პიარ–კამპანია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების კასკადურ მშენებლობას უკავშირდება. მმართველი გუნდი კი გიგანტური ჰესების მშენებლობის გამართლებას პიარით ცდილობს.
"პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" აპროტესტებს ხელისუფლების ამ ანტიეროვნულ განზრახვას საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობის შესახებ. ეს პროექტი აბსოლუტურად შეცვლის ქვეყანაში კლიმატს და უამრავი ბუნებრივი კატასტროფის მიზეზი გახდება. დაიტბორება საძოვრები, გახშირდება ღვარცოფები და მეწყერები, გამოიფიტება ნიადაგი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს ტერიტორიები საცხოვრებლად უვარგისი გახდება" – განაცხადა მურვანიძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან საზოგადოებას მოუწოდა, ღიად გამოხატონ უარყოფითი დამოკიდებულება გიგანტური ჰესების კასკადური მშენებლობის შესახებ. მანვე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროგრამის წინააღმდეგ ერთობლივი კამპანიის დაწყებაც შესთავაზა.

















