ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის საკითხზე
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში ჯერ მიღებული არ არის.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა. ამ კანონპროექტით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს და გამსაღებლებს ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოდაბრელიძის განცხადებით, ნარკოტიკების გასაღება საკმაოდ მძიმე დანაშაულია და მიზანშეწონილი არ არის მსგავსმა შეღავათმა გამსაღებლების მიმართაც იმოქმედოს.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა კახა ანჯაფარიძემ საკითხის განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
იგივე უფლებები ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირებს, 10 წლით. თუმცა, გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით, აღნიშნულ პირებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების შედეგადაც შეუძლიათ.
გასულ კვირას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს, გამსაღებლებს და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირებს ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, საპროცესო გარიგების გარეშეც შეეძლებათ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

















