აშშ-ს სახელმწიფო მდივნთან ჰილარი კლინტონთან „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის მოთხოვნის შესახებ, კოალიცია აშშ-ს საელჩოს
დღეს ოფიციალურად, წერილობით მიმართავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„ეს ისეთი თემაა, რომელზე საუბარიც წინმსწრებად არ შეიძლება. ვნახოთ შედგება თუ არა შეხვედრა. ამის შესახებ სპეკულაციას არ დავიწყებ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ვთქვით, რომ შეხვედრის სურვილი არსებობს“- განაცხადა ხიდაშელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა. კლინტონი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ამასთან, ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრესა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერ ცნობილი არ არის.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, 6 ივნისს კი, იგი უკვე აზერბაიჯანს ეწვევა.

















