განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის
თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება განმარტა.
როგორც შაშკინმა ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას განაცხადა, მას მიმინოშვილთან პირადი შეუთავსებლობა ჰქონდა, რაც რამდენიმე საკითხში გამოიხატებოდა.
,,წარმოვიდგინოთ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც საკმაოდ გაძლიერდა და გადაწყვიტა კარგი სასადილო გააკეთოს. ისინი დიზაინერსა და სამშენებლო კომპანიას ქირაობენ და დავალებას აძლევენ, მაგრამ კომპანიის ერთ-ერთი ხელოსანი უარს ამბობს ამ სამუშაოს შესრულებაზე, რადგან ამას არ ეთანხმება. სამშენებლო კომპანიას ერთადერთი რამ დარჩენია - შეცვალოს ხელოსანი“ - განაცხადა შაშკინმა და განმარტა, რომ ოჯახი, ანუ შემკვეთები უმაღლესი სასწავლებლის რექტორები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან.
შაშკინმა ასევე აღნიშნა, რომ რაც მოხდა მისი სურვილი ნამდვილად არ იყო.
დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა. აღნიშნულ პოსტზე მან დღეს, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე წარადგინა.

















