პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური პარტია „დემოკრატული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის
კოალიციაში გაწევრიანებას გამორიცხავს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა გზა აქვთ, ბურჯანაძესთან თანამშრომლობა დასაშვებია და ამის ერთ-ერთი ფორმა იყო ბურჯანაძის მიერ კოალიციის აქციაზე მისვლა და ბიძინა ივანიშვილის მიერ სამების ტაძარში, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ პარაკლისა და პანაშვიდზე დასწრება.
„სახალხო კრების“ მიმართ დიდი პატივისცემა და ნდობა გააჩნია ქართულ საზოგადოებას და კოალიცია „ქართულ ოცნებასაც“. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ნინო ბურჯანაძე არის ხელისუფლებასთან გარიგებული. იგი ნამდვილად არის უკომპრომისო, შემართული და თავისი ქვეყნის გადარჩენა უნდა, მაგრამ ჩვენი გზები არის სხვადასხვა და ქალბატონი ნინო კოალიციის წევრი ვერ გახდება“ - აღნიშნა ძიძიგურმა.
მან „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებლების გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეების 27 მაისის აქციაზე დასწრების ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 27 -ში კოალიციას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება ჰქონდა, სადაც თავის მხარდამჭერებს იწვევდა, მხარდაჭერის დაფიქსირება კი - ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალისგან მისასალმებელია.

















