ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრები - ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა უსახლკარო და მზრუნველობამოკლებულ პირთათვის ბინების გადაცემის საკითხი განიხილეს.
როგორც ჯაბა სამუშიამ "ნიუსპრესთან" საუბრისას აღნიშნა, ისინი დაწვრილებით გაეცნენ პროგრამას, რომელსაც თბილისის მერია შვეიცარიულ ორგანიზაციათან ერთად ახორციელებს. პროგრამა უსახლკაროთათვის სოციალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს.
"მერიის წარმომადგენელთან - გია მამრიკიშვილთან ერთად გავიარეთ საკითხი, თუ რა კრიტერიუმებით და რა ფორმით ხდება ამ ბინების გადაცემა სოციალურად დაუცველთათვის. შევხვდით იმ ადამიანებსაც, რომლებმაც დაკარგეს სახლკარი. ეს იყო მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვატარებთ და შევთანხმდით, რომ ინტენსიური ურთიერთობა გვექნება სააგენტოსთან" - აღნიშნა სამუშიამ.
ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ პროგრამაზე მონიტორინგს მუდმივად განახორციელებენ.

















