საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ლატვიელმა კოლეგამ ანდრის ბერზინშმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რიგის სასახლეში
ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რამდენიმე დღეში კი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეთათვის ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობას ნიშნავს.
სააკაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის მხრივ საქართველოს ლატვიის გამოცდილების გაზიარება სურს. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ჩიკაგოს ნატო-ს სამიტზე შექება დაიმსახურა.
„როგორც ითქვა, მომდევნო სამიტზე შეიძლება ნატო გაფართოვდეს. ამ კონტექსტში საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც სასურველ კანდიდატს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთი მეზობელი 2008 წლის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებით კი, მათ იმედი გაუცრუვდათ.
როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა მომავლის პოზიტიურად შეცვლას ნიშნავს, რადგან 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, კონფლიქტი ნატო-ს დახმარებით განიმუხტა.
„პრემიერმა მედვედევმა აღიარა და განაცხადა, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს დაშორება ნატო-სგან. ჩიკაგოს სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიზნები არ შესრულდა. ნატო-ს წევრობა ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტია“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა გახდება, რომელთანაც თანამშრომლობაც შესაძლებელი იქნება, ეს კი, იქ მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
სააკაშვილის განმარტებით, საქართველო რუსეთს ხელს უწვდის, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი.
„იმედი გვაქვს, რომ რუსეთშიც შეიცვლება აღქმა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როდესაც ტრადიციული დიპლომატია ჩიხშია შესული, ჩვენ სახალხო დიპლომატია გვჭირდება და საამისოდ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთი იმისთვის შემოიჭრა, რომ პრეზიდენტი მოეკლათ და მთავრობა დაემხოთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. სააკაშვილის განცხადებით, მათი მორიგი შემოტევა ოქტომბრის არჩევნებზეა მოსალოდნელი, თუმცა, მათი ეს მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის.

















