მმართველი გუნდის წევრის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსული საგარეო პოლიტიკის არსენალის მთავარი ინსტრუმენტი ხშირად შანტაჟი და მოსყიდვაა.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს წიკლაურმა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ, აშშ–ს ელჩის მაიკლ მაკფოლის არაპროფესიონალიზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით განუცხადა.
“ეს არის მენტალური დაპირისპირება ცივილიზაციათა შორის – რუსეთსა და თავსიფალ სამყაროს შორის. ყველასთვის ცხადია, რომ შანტაჟი, მოსყიდვა ძალიან ხშირად ყოფილა რუსული საგარეო პოლიტიკის არსენალში ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი“ – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, აშშ–ს ელჩის განცხადებას თავისი არგუმენტაცია და საფუძველი ექნება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართული მხარისთვის ცნობილია, რომ რუსეთი გაეროში და სხვადასხვა სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ ერიდება შანტაჟს და მოსყიდვას და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის ელჩმა 25 მაისს მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა 2009 წელს ყირგიზეთის ხელისუფლება მოისყიდა, რათა ამერიკული "მანასის" ბაზის ლიკვიდაცია მომხდარიყო. ამასთანავე, ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის ირანის საქართველოზე გაცვლას სთავაზობდა.

















