გამოცდების ეროვნული ცენტრიდან თანამშრომელთა მასობრივად წასვლა განათლების სისტემის დიდი დანაკლისია.
ამის შესახებ „ნიუსპრესთან“ საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დასაფასებელია, როცა ცენტრის თანამშრომლები ცდილობენ სამსახური ისე დატოვონ, რომ გამოცდების ჩატარებას ხელი არ შეეშალოს.
„ასეთი პროფესიონალები ამ ხელისუფლებას არ სჭირდება. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთან მოვა და ჩვენი პარტიის წევრი გახდება. არამედ ეს ხალხი იმ საქმეში გვჭირდება, რომელსაც ისინი აკეთებდნენ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ამასთან, ფანჯიკიძემ აღნიშნა რომ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თავისი საქმის პროფესიონალია.
„ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ არა მხოლოდ როგორც მისმა ახლობელმა, არამედ როგორც მასწავლებელმა, რომელმაც გასულ წელს სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ იყო ორგანიზებული ეს გამოცდა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი მიმინოშვილს შეხვდა და დაინტერესდა, რა მოხდა სინამდვილეში.
„აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით, რადგან მიმინოშვილისთვის ამ ეტაპზე მთავარი გამოცდების ჩატარებაა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ნიუსპრესთან“ საუბრისას მაია ფანჯიკიძემ მისი ბავშვობის მეგობარ, მაია მიმინოშვილის ძმასთან ზაზა მიმინოშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მისი განმარტებით, ჯგუფ „შინის“ სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმა 26 მაისს გერმანიიდან დაურეკა, უთხრა, რომ გული სწყდებოდა, რადგან „ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდა და წარმატება უსურვა.
„ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. ვერ წარმოვდგენდი, რომ ჩვენი საუბარი ასეთ შედეგს გამოიღებდა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელიც მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.
ამასთან, ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ მიმინოშვილის, მისი და მათი ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრები ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან ისმინება.
„ისევე როგორც მაია მიმინოშვილი, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ მისი შვილის აქციაში მონაწილეობის ამბავი სატელეფონო საუბრიდან გაიგო“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ გაათავისუფლა. მომხდარს მიმინოშვილის მომხრეები პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ, რადგან 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე მისი ვაჟი ლაშა ყანჩაველი იმყოფებოდა.

















