გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეხვედრა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, პოლიტიკური სპეკულაციების საბაბს წარმოშობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანი განუცხადა.
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაასახელოს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად დარჩება.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ისეთი პროფესიული კადრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორიც მაია მიმინოშვილია. საზოგადოების ყველა წევრი ითხოვს ახსნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუთავსებლობა იყო ისეთი, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო“ – განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ივანიშვილიც იმით დაინტერესდა, რაც მთელ საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა, ეს შეხვედრა მაინც წარმოშობს სპეკულაციების საბაბს.
ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რიგებში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს.
„პარლამენტში ბევრი მაჟორიტარი განაწყენებულია და ამის მიზეზად სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება სახელდება. ამიტომ, ისინი ფიქრობენ ხვალინდელი საქმიანობის პერსპექტივაზე“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მიმინოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი თანამშრომლობაზე და ივანიშვილი მხოლოდ მომხდარის მიზეზებით დაინტერესდა.

















