არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ლაზიკის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აპროტესტებს.
„სტრატეგიული განვითარების სააგენტომ” აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით 25 მაისიდან საჯარო განხილვები დაიწყო. უახლოეს მომავალში პრეზიდენტი პარლამენტში წინადადებას წარდგენს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც დღევანდელი პარლამენტის მორჩილი უმრავლესობა მხარს დაუჭერს“ - განაცხადა „ეკოლოგიური განვითარების ცენტრის“ თავჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, კანონპროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ის წინააღმდეგობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის არაერთ მუხლთან.
როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ქალაქის შექმნის ინიცირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის - გარემოზე ზემოქმედების შეფასება, წყლის, ფლორის, ფაუნის შენარჩუნება და დაცვა. ასევე, იგი აღნიშნავს, რომ არ მომზადებულა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სივრცითი მოწყობის გეგმა.
„წარმოდგენილი საკონსტიტუციო კანონპროექტით რამსარის საერთაშორისო კონვენცია ირღვევა, ვინაიდან აღნიშნული კონვენციით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია დაცულია და წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენებაა უზრუნველყოფილი“-განაცხადა მჟავანაძემ.
ხელისუფლება კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რომელიც ლაზიკის უფლებამოსილებისა და სტატუსის განსაზღვრას შეეხება.

















