საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რიგის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და ლატვიის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ანდრის ბერჟინი ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან, სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ლატვიის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს პრეზიდენტი რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს სახელწოდებით - „ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო ISAF-ში“.

















