გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა ცენტრის ოფისთან დღეს
საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
როგორც მათ აღნიშნეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გაუგებარი და ბუნდოვანი მიზეზით მოხდა და კატეგორიულად მიუღებელია პოზიცია - „განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოლიტიკას შორის პრინციპული შეუთავსებლობა“.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი და მინისტრის გუშინდელ შეხვედრაზე, დიმიტრი შაშკინმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მას და მიმინოშვილს შორის შეუთავსებლობა“ - განაცხადა ქართული ენის ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ და აღნიშნა, რომ მან გვითხრა, რომ თავისი უფლებამოსილება გამოიყენა და მისი ეს გადაწყვეტილება არგუმენტირებას არ საჭიროებს.
მისი თქმით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება, შესაბამისად, მინისტრს „პრინციპული შეუთავსებლობა“ არა მარტო მიმინოშვილთან, არამედ ცენტრის თანამშრომლებთანაც აქვს.
„ვფიქრობთ, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი მიმინოშვილის ხელმძღვანელობით დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. ამ პირობებში კი, ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულება შეუძლებლად მიგვაჩნია და ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი და პედაგოგი არ დაზარალდეს“-აღნიშნა ჯამბურიამ.
ცენტრის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები მზადყოფნას გამოქვამენ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში - დაახლოებით ერთ თვეში, მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები შემცვლელებს გადასცენ.
ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მომავალ გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შედეგზე პერსონალური პასუხისმგებლობა თავად მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აიღო.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ცენტრში 150-მდე თანამშრომელია. სამსახურს ის თანამშრომლებიც დატოვებენ, რომლებიც ამჟამად რეგიონებში საატესტატო გამოცდებზე დასაკვირვებლად იმყოფებიან.

















