აქციაზე მისული ადამიანების თვლა და ამის მიხედვით პოლიტიკოსების ძალის შეფასება ხელისუფლების ამოცანა არ არის. ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არც პირველი აქცია იყო საქართველოში და ეჭვი მაქვს, არც უკანასკნელი. გვინახავს უფრო დიდიც და უფრო მცირეც. ალბათ მომავალშიც ბევრს ვნახავთ“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი ნაწილია და პერიოდულად მოსახლეობის გამოსვლებსა და აქციებით საკუთარი მოსაზრების გამოხატვაში, დრამატული არაფერია.
„ჩვენი ამოცანა არის არა ის, რომ ვთვალოთ ადამიანები და ვაფასოთ აქციების მიხედვით პოლიტიკოსების ძალა, არამედ გავაგრძელოთ ქვეყანაში იმის კეთება, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს და ქუჩაში გამოსვლის საჭიროებას მოუხსნის“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია სოციალური სფეროს, ჯანდაცვის პროგრამების და სოფლის მეურნეობის განვითარება.

















