პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე „ქართული ოცნების“ აქციაზე პატრულის მუშაობით უკმაყოფილოა.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატრული გუშინდელ ხალხმრავალ აქციას არ აკვირდებოდა და თავის მოვალეობას არ ასრულებდა.
„გასაკვირია, რომ პატრული ასეთ ხალხმრავალ შეხვედრას არ აკვირდებოდა და არ ასრულებდა თავის პირდაპირ მოვალეობას - ხალხის უსაფრთხო გადაადგილება-შეკრების უზრუნველყოფა“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ორგანიზატორთა მაღალი პროფესიონალიზმისა და ხალხის მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაღალმა დონემ, აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო.
„ასეთი ხალხმრავალი შეკრება თბილისს ნამდვილად არ ახსოვს. ბედნიერები ვართ, ქართველ ხალხთან ერთად, რომელმაც გუშინ თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანი საქართველოსთვის ბრძოლის ურყევი ნება გამოავლინა, სადაც ყველა ადამიანს ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნება“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად გააგრძელებს და ყველა რეგიონის მოსახლეობას თავის გეგმებსა და პროგრამას გააცნობს.

















