ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დროს, 8 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, უკრაინასა და პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლის
წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილება, სავარაუდოდ, შეიზღუდება.
„ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, უკრაინაში ჩვენს საელჩოსთან თანამშრომლობით, ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია შეგვემუშავებინა, რომელიც მითითებულ პერიოდში, ქართველი მოქალაქეებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა-გადაადგილების საკითხებს შეეხება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება, სადაც მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების პირობებს გაეცნობიან. უკრაინაში მოგზაურობისას სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაც განთავსდება.

















