საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ექსპერტების მოსაზრებაზე, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო
ტერიტორიების საკითხი ნაცვალგების პრინციპით უნდა გადაწყდეს, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხში საკუთარი შეხედულებების მქონე ექსპერტები, როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანსაც ჰყავს, თუმცა, მისივე განცხადებით, ცალკეულ ექსპერტთა შეხედულებები ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
„საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დასადგენად სახელმწიფოთაშორისი დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობს. დიდი ძალისხმევაა ჩადებული, რომ ამ პროცესში საქართველოს ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, ამ ეტაპზე ნებისმიერი სახის სპეკულაციისგან თავს შევიკავებდი, რადგან დღეისთვის საზღვრის მხოლოდ 66%-ია შეთანხმებული. დანარჩენ ნაწილზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“ - აღნიშნა კალანდაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მორიგი სხდომა უახლოეს პერიოდში შედგება.
ბოლო დროს, მედიაში აზერბაიჯანელ ექსპერტთა მოსაზრებები გავრცელდა, რომლის თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიების საკითხი ნაცვალგების პრინციპით უნდა გადაწყდეს. კონკრეტულად კი, ქართული მხარე იმ ტერიტორიებს, სადაც ქართული მონასტრებია, გელათში დასვენებული განჯისკარის სანაცვლოდ მიიღებს. სხვა ვერსიის თანახმად კი, ქართული მხარე ისტორიულ მონასტრებს იმ ტერიტორიების სანაცვლოდ დაიბრუნებს, რომელზეც აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტისას სროლის შედეგად, ტყვიები ცვივა.

















