პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შესაძლებლობებს განიხილავს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კოალიციაში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ჰილარი კლინტონთან შეხვედრის საკითხებზე იმსჯელებს.
„მინდა რომ დღეს გავეცნო ამ საკითხს. ვაპირებ შევკრიბო ჯგუფი და გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები. ვიცი, რომ იგი ძალიან მცირე დროით ჩამოდის, მოხერხდება თუ არა მასთან შეხვედრა ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად ვეცდებით“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა. კლინტონი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ამასთან ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრესა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერ ცნობილი არ არის.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, 6 ივნისს კი, იგი უკვე აზერბაიჯანს ეწვევა.

















