პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინდელი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.
მისი შეფასებით, გუშინ ქართველმა ხალხმა ერთმანეთს დაანახა, რომ ისინი მარტო არ არიან და მთელი თბილისი მზადაა, ასეთივე ვითარებაა რეგიონებში.
მან აღნიშნა, რომ გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების სპეციალურად ჩამოყვანა არ მომხდარა.
ივანიშვილის შეფასებით, გუშინდელ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ევროპელებისთვის, ისე საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი ამერიკისთვის.
ივანიშვილის განმარტებით, ევროპამ და ამერიკამ დაინახა, თუ როგორი სწრაფვა არსებობს ქართველ ხალხში თავისუფლებისაკენ და რომ ეს სწრაფვა ორგანიზებული და შეგნებულია და მას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
,,ამ მხრივ, ეს იყო მნიშვნელოვანი. ჩემთვისაც ამას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მე ვიცოდი, რომ გუშინდელ აქციას დაესწრებოდა უამრავი ხალხი და მთელი თბილისი ერთად დადგებოდა. მჭირდებოდა ამის მტკიცებულება დაახლოებით ისე, ხუთიანზე რომ ხარ მომზადებული და სანამ ნიშანს არ ჩაგიწერენ, მაინც რომ განიცდი. გუშინ ჩემი რწმენა განმტკიცდა“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პოლიტიკაში მოსვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
,,ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომ რასაც დაგპირდით აუცილებლად შეგისრულებთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და გპირდებით, რომ ამას მოვახერხებთ. ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და შემოდგომაზე ჩვენი ოცნებების ასრულებას დავიწყებთ“- განაცხადა ივანიშვილმა.

















