პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიანი აქცია თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, მშვიდობიანად დასრულდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა დედაქალქის სამ ადგილას 12.00 საათზე დაიწყეს შეკრება.
ვაკის პარკთან, მეტროსადგურ „ავლაბართან“ და „დინამოს“ სტადიონთან შეკრებილი საზოგადოება 13 საათზე დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ.
მსვლელობის მონაწილეებს და მოედანზე შეკრებილებს ხელში ეჭრათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ხუთჯვრიანი, „ქართული ოცნების“, ასევე, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშები.
შეკრებილებს ადგილზე დაურიგეს „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებიანი მაისურები, კოალიციის დროშის ფერი ლურჯი ყელსახვევები და ჩანთები.
კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე შეუერთდა და თბილისის საკრებულოს წინ დამონტაჟებულ სცენასთან მათთან ერთად მივიდა.
აქციას, კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალების გარდა, რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა.
აქცია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გახსნა, შემდეგ გამომსვლელებს ფეხბურთელმა კახი კალაძემ და საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა, პოეტმა დავით მაღრაძემ მიმართეს.
აქციაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მომღერალმა ნატო მეტონიძემ შეასრულა, რის შემდეგაც, შეკრებილთ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა და ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეთა წინაშე, ასევე, წარსდგა ბიზნესმენის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი თანაგუნდელებთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი მიმართვის შემდეგ, აქცია მრავალჟამიერით დასრულდა.
აქციის მონაწილეთა ზუსტი რიცხვი უცნობია. მთლიანად იყო შევსებული თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი და ქუჩა და თითქმის, მთელი რუსთაველის გამზირი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე.
მომავლ მასშტაბურ აქციას „ქართული ოცნება“ ქუთაისში გეგმავს.

















