კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრების საზოგადოებას საარჩევნო დაპირებები წარუდგინა.
მისი განმარტებით, ის ხალხს ისეთს არაფერს დაჰპირდება, რის შესრულებასაც ვერ შეძლებს.
,,ჩვენი დაპირებები კარგად გათვლილი გეგმაა, სასწაულს ვერ მოვახდენთ, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ის საზოგადეობას უფასო ჯანდაცვის სისტემის უზრუნვლყოფას, პენსიონერებს ღირსეულ პენსიას, ომისა და შრომის ვეტერანებს სოციალურ შეღავათებს დაჰპირდა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სამსახურიდან ხალხს აღარავინ გაათავისუფლებს პოლიტიკური შეხედულებების გამო და ყველას ღირსეული ხელფასი ექნება.
მისი თქმით, გადაიდგმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ისტორიული კუთხეებისა და სოფლების მოსახლეობისგან დაცლის პროცესის შესაჩერებლად.
ამასთან, მან ხელისუფლებისა და ბიზნესმენების მისამართით აღნიშნა, რომ პირადი მატერიალური კეთილდღეობით ბედნიერებას ვერ მიაღწევენ, მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
,,ჩვენს წინააღმდეგ ერთი მშიშარა კაცი დგას, რომელიც ძალადობისა და უსამართლობის გზით იბრძვის. არ შეიძლება ქართველებს სააკაშვილის ეშინოდეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში არის უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ და პირველ რიგში მას და მის პოლიტიკურ ძალას, საზოგადოების ნდობა აქვს მოსაპოვებელი.

















