ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ჩვენ დღეს დავიწყეთ საარჩევნო კამპანია, ხვალიდან დავიწყებთ შეხვედრებს რეგიონებსა და რაიონებში“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის აქციები ყველგან გაიმართება და კოალიციასთან შეერთებისკენ ყველას მოუწოდა.
მისი განცხადებით, 7 ივნისს კოალიციის ლიდერები ქუთაისს ეწვევიან.
„შემოდგომამდე ჩვენ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, გპირდებით“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე არჩევნებში გამარჯვებით ყველას ოცნებების ასრულება დაიწყება.
ბიძინა ივანიშვილის ამ მიმართვის შემდეგ აქცია მრავალჟამიერით დასრულდა და შეკრებილმა საზოგადოებამ დაშლა დაიწყო.

















