თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას აქციაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ
მიმართა და ხალხს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ერთი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღე შეგვილახეს, ქართველთა სისხლი დაღვარეს. დღეს ასიათასობით ქართველი ვართ და ისინი დღეს ვეღარ გაგვაჩერებენ“ - განაცხადა კალაძემ.
მან ყველას მოუწოდა ერთად დგომისკენ, რათა ყველა ერთად აღუდგეს წინ დღევანდელ რეჟიმს.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს მეც თქვენსავით რიგითი ჯარისკაცი ვარ, რომელსაც არ უნდა მშიშარა მთავარსარდალი ჰყავდეს. მიშა ხალხს აღარ სჯერა შენი და შენ უნდა წახვიდე. უნდა ისწავლო წასვლა და არა გაქცევა. მიშა იცოდე ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანია“ - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ და ასე ერთსულოვნებით ყველა ერთად გაიმარჯვებს.
აქცია თავისუფლების მოედანზე მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გახსნა. როგორც მან განაცხადა, ბევრი რამ გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ აქციაზე ხალხი არ მისულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

















