„სახალხო კრება“ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციას დაესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით კრებამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
მათი განცხადებით, კრების აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოლიდარობის და თანადგომის მიზნით, აქციაზე მივიდეს.
„ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ დღეს არ არის ოპოზიციურ ძალებს შორის პაექრობის დრო, დღეს ქვეყანაა გადასარჩენი. ამისთვის ყველა რეალურად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და მიუხედავად მათი განწყობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა დაემორჩილონ ხალხის მოთხოვნას - იყვნენ ერთმანეთისადმი სოლიდარულნი, იმოქმედონ კოორდინირებულად და შეთანხმებულად, რათა მიაღწიონ აუცილებელ წარმატებას არსებულ რეჟიმთან ბრძოლაში. ეს ეხება როგორც „სახალხო კრებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ყველა სხვა რეალურად ოპოზიციურ ძალას“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განმარტებით, დღევანდელი აქცია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აქციის ამოცანაა დაანახოს არსებულ ხელისუფლებას, რომ ყველა ერთად დგას და რეჟიმს არას ეუბნება.

















