ვაკის პარკთან შეკრებილი პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელიც შეუერთდა.
როგორც მან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი აქცია არ არის საპროტესტო ხასიათის და არავის წინაარმდეგ არ არის მიმართული.
მისი თქმით, ეს არის საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპის დასაწყისი.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის სხვა აქციებისგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი და ყველანაირი პროვოკაციისთვის მზადყოფნაა.
,,ეს აქცია, არის ყველაზე მეტად ორგანიზებული და ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა, აბსოლუტურად ყველანაირი სცენარისთვის, რაც კი შეიძლება სიურპრიზად შემოგვთავაზონ, მაგრამ ყველაფერი იმდენად ორგანიზებულია, დარწმუნებული ვარ აქცია გეგმის მიხედვით ჩაივლის“-განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მანიფესტაცია საზეიმო იქნება - თავდაპირველად აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს, ხოლო შემდეგ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიტყვას მოისმენენ.
,,ქართული ოცნების“ აქტივისტები ვაკის პარკიდან მსვლელობით დაიძვრებიან და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

















