პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას არა იმდენად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის, არამედ არჩევნების
გაყალბების პრევენციის დატვირთვა აქვს.
„აქცია ხელისუფლებაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, რადგან დღეს დემონსტრირებული იქნება იმ შესაძლო საპროტესტო მუხტის მასშტაბი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესის დარღვევას მოჰყვება“ - განაცხადა საყვარელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ხელისუფლებამ უარი თქვას ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
„რაც უფრო მეტი ადამიანი მივა აქციაზე, რომელიც არა იმდენად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, არამედ დემოკრატიული არჩევნების მხარდამჭერი ღონისძიებაა, მით უფრო მეტად დაცული ვიქნებით არჩევნების გაყალბებისგან“ - განაცხადა პოლიტოლოგმა.
ამასთანავე, საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აქციის მასშტაბურობამ შესაძლოა, ხელისუფლების რიგებში ბზარი და განხეთქილება შიტანოს.
„თუ მასშტაბური იქნება აქცია, ბზარების გაჩენის ტენდენცია გამოვლინდება, რადგან თუ ხელისუფლების სტრუქტურებში დაინახეს, რომ ძალაუფლებას ვეღარ ინარჩუნებენ, შეეცდებიან სხვა მყარი წერტილი იპოვონ“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„ქართული ოცნების“ აქცია თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.

















