პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხვალ სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“ აქციას გამართავს.
კოალიციაში განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს, 15.00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დილის ხუთი საათიდან დაიწყება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხვალ, თბილისში სამი ადგილიდან - მეტროსადგურ „ავლაბრიდან“, ვაკის პარკიდან და „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიიდან მსვლელობას დაიწყებენ და 15.00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე სცენა და დიდი ეკრანი დამონტაჟდება, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა უკვე განაცხადა.
აქციის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და წესრიგის დაცვას, სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები უზრუნველყოფენ.
ბოლო დღეებში, მოსახლეობაში ფლაერები რიგდებოდა, რომლის საშუალებით, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს 27 მაისის აქციაზე იწვევდა. ფლაერის ერთ კუთხეში არის წარწერა - დაწერე შენი ოცნება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ოცნება დაწეროს და ფლაერის ეს ნაწილი და აქციაზე სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ყუთში ჩააგდოს. ყუთები თავისუფლების მოედანზე აქციის დღეს დაიდგმევა.
კოალიციის ხელმძღვანელთა ვარაუდით, 27 მაისს აქციაზე 75-80 ათასი მოქალაქე მივა. აქციას საპროტესტო ხასიათი არ ექნება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამ აქციით „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
აქცია დაახლოებით, 17.00 საათამდე გაგრძელდება.

















