საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ როდესაც ქართველი ხალხი ყველაზე სანუკვარ მიზანს აისრულებს და აფხაზები ერთიან სამშობლოსთან ფაქტობრივ კავშირს აღადგენენ, სოხუმი საქართველოსა და რეგიონის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ ეს იყო.
„საქართველოს დამოკიდებლობის აღდგენა ბაგრატმა სწორედ აფხაზეთიდან და იმერეთიდან დაიწყო, რასაც დანარჩენი საქართველო მიჰყვა. საქართველოს დაქუცმაცებას ჩვენი ყველა მტერიც აქედან იწყებს. ამიტომ, იყო დრო ქვების გაბნევისა, ახლა არის ჟამი ქვების შეგროვებისა“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ პირველი მნიშვნლოვანი ნაბიჯი ქვეყნის ხელახლა „შეგროვების“ მიმართულებით უკვე გადადგმულია.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ბევრი ცენტრი უნდა გაჩნეს, რადგან ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. ცენტრად უნდა იქცეს რუსთავი, ბათუმი, სვანეთი.
„ცენტრი უნდა გახდეს საფუძვლიანად მივიწყებული ახალციხე. ის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო და ახლა უკვე ტურისტული გზების ახალი ცენტრი, სარკინიგზო კვანძთან ერთად, უახლოეს თვეებში მსოფლიოს წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგება“-აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, ფოთელებმა ქალაქის მდებარეობის ყველა სიკეთე უნდა იგრძნონ, ვინაიდან ფოთი ჩინეთიდან ევროპამდე ახალი აბრეშუმის გზის ცენტრია.

















